2010 წლის პირველი იანვრიდან აღსრულების ეროვნული ბიურო აწარმოებს სააღსრულებო წარმოების პროგრამას, რომელიც წარმოადგენს ელექტრონულ სააღსრულებო წარმოებას. ეს არის მონაცემთა სისტემატიზებული ერთობლიობა, ყველა იმ სააღსრულებო მოქმედების შესახებ, რომელიც გატარებულ იქნა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ. ელექტრონული რეესტრის შექმნის მიზანია აღმასრულებელთა საქმიანობის გამარტივება და აღსრულების პროცესის გამჭირვალეობა.
მონაცემები გამოტანილია ვებ-გვერდზე, რომლის საშუალებითაც აღსრულებაში მონაწილე მხარეებს შეუძლიათ მოიძიონ და გადაამოწმონ ინფორმაცია სააღსრულებო საქმესთან დაკავშირებით, გაეცნონ საქმეში არსებულ მასალებს (გარდა კომერციული და საბანკო საიდუმლოების შემცველი და სხვა კომფედენციალური დოკუმენტებისა) სახლიდან და ოფისიდან გაუსვლელად, თვალი მიადევნონ სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობის პროცესს.
სააღსრულებო წარმოების პროგრამა, საღსრულებო ფურცლის რეგისტრაციისთანავე, ანიჭებს საქმეს უნიკალურ 8 ციფრიან ნომერს, ასევე 14 ნიშნა ინდივიდუალურ კოდს. ეს მონაცემები ეცნობება კრედიტორს (მიღების ბარათით) და მოვალეს (წინადადებით გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ). ვებ-გვერდზე www.nbe.gov.ge აღნიშნული მონაცემების საშუალებით ხდება საქმის ნახვა.
გაცნობებთ: ინფორმაციის მისაღებად უნდა შეხვიდეთ ვებ-გვერდზე განთავსებულ სააღსრულებო საქმისწარმოების ელექტრონულ რეესტრში. რეესტრში შესვლის შემდეგ, სააღსრულებო წარმოების სანახავად უნდა შეიყვანოთ რეგისტრაციის 8 ციფრიანი ნომერი და ინდივიდუალური 14 ნიშნა კოდი. გაითვალისწინეთ, მხოლოდ ამ პროცედურების წარმატებით განხორციელებისა და ინფორმაციის კორექტულად შეყვანის შემთხვევაში მოხდება პროგრამის მიერ მოძიებული ინფორმაციის ჩვენება.
ყველა სააღსრულებო მოქმედებისათვის არსებობს სტატუსი. აღმასრულებელი ელექტრონულ სააღსრულებო წარმოებას აღნიშნული სტატუსების მეშვეობით აგებს, რომლის ქვეშ იქმნება შესაბამისი დოკუმენტები.
სააღსრულებო წარმოების პროგრამა ავტომატურ რეჟიმში ატყობინებს აღმასრულებელს, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონით დადგენილ ვადებს.
აღმასრულებელს აქვს ხედვის უფლება სააღსრულებო საქმისწარმოების ელექტრონული რეესტრში რეგისტრირებულ ყველა საქმეზე, მას შეუძლია გაიგოს მის საქმეში არსებულ მხარეზე მიმდინარეობს თუ არა აღსრულება რომელიმე სხვა აღმასრულებლის მიერ, ეს ინფორმაცია მას ესაჭიროება და დაეხმარება სააღსრულებო პროცესის სწორად წარმართვისათვის.
სააღსრულებო საქმისწარმოების ელექტრონულ რეესტრს გააჩნია საძიებო სისტემა, რომლის მეშვეობითაც აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეუძლია საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი ტიპის ინფორმაციის მოძიება. საქმეების გაფილტვრა შესაძლებელია კატეგორიების, ბიუროების, პერიოდის, გამომცემი ორგანოს და სხვა მონაცემის მიხედვით.
სააღსრულებო საქმისწარმოების ელექტრონული რეესტრის საშუალებით აღმასრულებელს შეუძლია აწარმოოს თავისი საქმეების სტატისტიკა. მის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორცილებული მოქმედებების შესაბამისად, დათვალოს საქმეები კატეგორიების მიხედვით, იქონიოს ინფორმაცია აღსასრულებელ და დამთავრებულ საქმეებზე. ამასთან დათვალოს აღსასრულებელი და ამოღებული თანხების ოდენობა.
აღსრულების ეროვნული ბიურო ცალკეული აღმასრულბელების კრებსითი სტატისტიკებით ღებულობს სურათს ბიუროში არსებული აღსასრულებელი და აღსრულებული საქმეების შესახებ. აქვს მონაცემი ბიუროში არსებულ ამოსაღებ და ამოღებულ თანხებზე, ასევე სააღსრულებო საფასურზე.
სააღსრულებო წარმოების პროგრამას აქვს სიახლეები, რომლის მეშვეობითაც პროგრამის მომხმარებლებს ეცნობებათ პროგრამაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ.
სააღსრულებო წარმოების პროგრამაში ასევე, იქმნება სააღსრულებო წარმოების ელექტრონული არქივი. აღმასრულებელი საქმის დამთავრებისას, შესაბამისი სტატუსით, საქმეს გზავნის აღსრულების ეროვნული ბიუროს არქივში, პროგრამაში საქმეს ენიჭება არქივის კოდი და ინახება კანონით დადგენილი ვადით.
სააღსრულებო წარმოების პროგრამაში საქმეს ასევე, აწარმოებენ კერძო აღმასრულებლები. ისინი არიან ავტორიზებული პირები, მათ წარმოებაში არსებული სააღსრულებო საქმეების საწარმოებლად მინიჭებული აქვთ პროგრამის გამოყენების (სარგებლობის) უფლებამოსილება. ავტორიზაციის ფარგლებში გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ისინი ახორციელებენ საკუთარი პასუხისმგებლობით.