რას გულისხმობს მომსახურება "სარჩელის უზრუნველყოფის აღსრულება"?
სერვისი გულისხმობს, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას.
ვის მივმართო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით?
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნით მიმართეთ აღსრულების ეროვნულ ბიუროს. თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები:
- პირადობის მოწმობა
- სააღსრულებო ფურცლის დედანი;
- გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი;
- სერვისის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- რწმუნებულება (თუ განმცხადებელი წარმომადგენელია და არა უშუალოდ დაინტერესებული პირი)
გაითვალისწინეთ რომ, სააღსრულებო ფურცლის ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, ვალდებული ხართ გადაიხადოთ აღსრულების საფასური, რომელიც რეგისტრაციას დაქვემდებარებულ თითოეულ ნივთზე შეადგენს 200 ლარს;
შენიშვნა: საფასურის გადახდისაგან თავისუფლება კრედიტორი სასამართლოს გადაწყვეტილებით.
უზრუნველყოფის რომელი ღონისძიებები არსებობს?
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება იყოს:
- ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან;
- მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა;
- მოპასუხის დავალდებულება, გადასცეს მის მფლობელობაში არსებული ნივთი აღმასრულებელს სეკვესტრის (ქონების იძულებითი მართვა) სახით;
- სხვა პირებისათვის აკრძალვა იმისა, რომ მოპასუხეს გადასცენ ქონება ან შეასრულონ მის მიმართ რაიმე ვალდებულება;
- ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ სარჩელის აღძვრის შემთხვევაში ქონების რეალიზაციის შეჩერება, გარდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 70-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა;
- სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, ორგანიზაციის ან თანამდებობის პირის სადავო აქტის მოქმედების შეჩერება;
- სააღსრულებო საბუთის აღსრულების შეჩერება ისეთ საქმეებზე, რომლებიც აღძრულია „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე ან რომლებზედაც შეტანილია განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ.
რა ვადაში ხორციელდება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების აღსრულება?
სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოს განჩინების აღსრულება
დაუყოვნებლივ ხორციელდება, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის დადგენილი წესით.