2023 წლის განმავლობაში აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რამდენიმე მასშტაბური საკანონმდებლო რეფორმისა და ახალი სერვისის დანერგვა დაიწყო.
მათ შორის: ახალი აღსრულების კოდექსი, რომელიც საქართველოს პარლამენტს ერთი მოსმენით უკვე დამტკიცებული აქვს;
სასყიდლიანი ხელშეკრულებების რეგისტრაციის სერვისი, რომელიც გულისხმობს იჯარისა და ქირავნობის ხელშეკრულებების აღსრულების ეროვნულ ბიუროში რეგისტრაციას, რაც მხარეებს მისცემს შესაძლებლობას, ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში აღსრულების ფურცელი სასამართლოს გარეშე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გასცეს;
ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც სრულად მოემსახურება აღსრულების ეროვნული ბიუროს, როგორც კრიტიკული ინფორმაციული სუბიექტის ინფორმაციულ მონაცემების დაცვას.
აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების 2022-2025 წლების სტრატეგიით" გათვალისწინებული სერვისების მიწოდების ერთიანი მიდგომის განვითარების კუთხით. აღსრულების ეროვნულ ბიურო ახორციელებს პროცესების სრულ ავტომატიზაციას, საქმის წარმოებაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვას, ელექტრონული სისტემის აწყობასა და სრულყოფას სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან და სხვა.
იზრდება მედიაციისა და სოციალური მუშაკის როლი სააღსრულებო საქმისწარმოების პროცესში. მუშავდება უკუკავშირის სისტემა, რომელიც მომხმარებლების მოთხოვნებსა და უკმაყოფილებებს გამოიკვლევს. მიღებული შედეგების ანალიზის შესაბამისად მედიაციის დეპარტამენტი კიდევ მეტად მხარეებზე მორგებულს გახდის სამუშაო პროცესს.
მიმდინარეობს მუშაობა აღსრულების სერვისების შშმ პირებისთვის სრულად ხელმისაწვდომობის მიმართულებით. ამისთვის აღსრულების ეროვნული ბიურო გეგმავს ადმინისტრაციული შენობის ადაპტირებას და ასევე 2024 წლიდან მომხმარებლებს შესთავაზებს შშმ პირებზე ადაპტირებულ ვებგვერდს.
2023 წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის დეტალურ ანგარიშს აღსრულების ეროვნული ბიურო სოციალური არხებისა და ვებგვერდის მეშვეობით საზოგადოებას უმოკლეს პერიოდში წარუდგენს.
აღსრულების ეროვნული ბიუროს დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა სფეროების მიხედვით 2023 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, ერეკლე ღვინიანიძეს და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს, მირიან ხარაბაძეს გააცნეს.