
საქართველოს სააღსრულებო სისტემაში დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს საერთაშორისო კონფერენციაზე გაეცნენ.
აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის (UIHJ) მუდმივმოქმედი საბჭოს სესიასა და პანელურ შეხვედრებზე აღსრულების ეროვნული ბიუროს დელეგაციამ საქართველოში აღსრულების სფეროში მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით იმსჯელა.
საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად განიხილეს აღსრულების ახალი კოდექსის პროექტის ასპექტები, რომელიც ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებასა და ჰარმონიზაციას. გაეცნენ სხვადასხვა ევროპული ქვეყნის სააღსრულებო სისტემების კონკრეტულ მოდელებს აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრატეგიით გათვალისიწინებული ანალიტიკური საქმიანობისა და მიმართულებების გაძლიერების მიზნით. სამომავლო თანამშრომლობის ფარგლებში დაიგეგმა ორმხრივი სასწავლო ვიზიტები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, სადაც მოხდება საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება.
აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის (UIHJ) მუდმივმოქმედი საბჭოს სესია პარიზში ჩატარდა და 2023 წლის ანგარიშის შეჯამება გაიმართა. კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს მონაცემების დამუშავების ოპერაციებზე, კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულებებსა და მონაცემთა დაცვის მიზნებზე. თემატური შეხვედრის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აღმასრულებლებისა და მედიის თანამშრომლობის საკითხებს. იმსჯელეს სააღსრულებლო პროცედურების მედია გაშუქების პროცესში მოწყვლადი ჯგუფებისა და მომხმარებლების ინტერესთა დაცვის მექანიზმებზე, მედიასთან ურთიერთობის პროტოკოლისა და წესების შესახებ.
საბჭოს სხდომას საქართველოდან სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე მირიან ხარაბაძე, თავმჯდომარის მოადგილე ნიკა ელოშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების მენეჯერი ანა არაბული ესწრებოდნენ.