
მას შემდეგ რაც საქმე გადაეცემა კონკრეტულ აღმასრულებელს, იგი, არა უგვიანეს 5 დღისა მოვალეს უგზავნის წინადადებას სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. ამასთან ერთად, აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების მოძიებას, აღწერას და მასზე ყადაღის დადებას, რაც განისაზღვრება სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონით.
წინადადებით აღმასრულებელი მოვალეს აფრთხილებს, რომ მითითებულ ვადაში გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობას მოჰყვება იძულებითი აღსრულება და მის მიმართ განხორციელდება სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, კერძოდ: დაყადაღებული ქონების შეფასება და შეფასებიდან ერთი თვის ვადაში მისი რეალიზაცია იძულებითი აუქციონის წესით. აგრეთვე, მოვალეთა რეესტრში რეგისტრაცია, გარდა უზრუნველყოფილი მოთხოვნისა. აღმასრულებელი მოვალეს აფრთხილებს იმის შესახებაც, რომ ვალდებულების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში მოვალეს დაეკისრება აღსრულების საფასურის სრული ოდენობა, რაც შეადგენს მოთხოვნის 7 %-ს, ხოლო ნებაყოფლობით შესრულებისათვის დადგენილ ვადაში ვალის დაფარვის შემთხვევაში, მას დაეკისრება მხოლოდ მოთხოვნის 2 %.
წინადადებაში აღმასრულებელი უთითებს მოვალის უფლებებსაც - დაესწროს აღსრულების მიმდინარეობას, გაეცნოს სააღსრულებო მასალებს, მიიღოს აუცილებელი ცნობები გარდა კომერციული (საგადასახადო და საბანკო) საიდუმლოების შემცველი და სხვა კონფიდენციალური ინფორმაციისა, რომლებიც შეეხება აღსრულებას, მორიგდეს კრედიტორთან, იდავოს ქონების კუთვნილებაზე ან მის ფასზე, აღმასრულებელთან წარადგინოს რეალიზაციას დაქვემდებარებული ქონების შეძენით დაინტერესებული პირები, გაასაჩივროს აღმასრულებლის მოქმედება სასამართლოში სააღსრულებო მოქმედების განხორციელებიდან ერთი თვის ვადაში.
წინადადებაში ასევე მითითებულია საქმისწარმოების ნომერი, რომლის აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებ-გვერდზე არსებული საქმისწარმოების ელექტრონულ რეესტრში შეყვანის მეშვეობითაც მოვალეს შეუძლია იხილოს კონკრეტული სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობა, განხორციელებული მოქმდებები და წარმოებაში არსებული დოკუმენტაციები.
წინადადებაში აღმასრულებელი უთითებს აღსრულების ეროვნული ბიუროს საინფორმაციო ცენტრის (+995-32-749-649) საკონტაქტო ნომერს, სადაც მოვალეს შეუძლია დაკავშირება კონკრეტულ სააღსრულებო წარმოებაზე ინფორმაციის მისაღებად, ან, იმ შემთხვევაში, თუ თვლის რომ დაირღვა მისი უფლებები.
წინადადების ნებაყოფლობით შესრულებისათვის დადგენილი ვადა განსხვავებულია იმისდა მიხედვით, თუ რა კატეგორიის საქმეა აღსასრულებელი და ვინ არის მოვალე. კერძოდ: თუ მოვალე ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირია, მას გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებისათვის ეძლება 7 დღიანი ვადა, ხოლო თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან საბიუჯეტო ორგანიზაციაა - 1 თვიანი ვადა. აგრეთვე, თუ საქმე ეხება თანხის დაკისრებას, ადმინისტრაციულ ან სისხლის ჯარიმებს, მშენებლობის შეჩერებას, უნებართვლო დემონტაჟის შეჩერებას, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟს და მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებას და დემონტაჟს, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დაშვებული დარღვევებისათვის ჯარიმის დაკისრებას, მოქმედებს 7 დღიანი ვადა, ხოლო თუ მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვაა, ამ შემთხვევაში მოქმედებს 10 დღიანი ვადა. თუ საქმე ეხება დაუყოვნებლივ აღსასრულებელ გადაწყვეტილებებს, აღმასრულებელი მოვალეს უგზავნის წინადადებას ამ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ ნებაყოფლობით შესრულებასთან დაკავშირებით. დაუყოვნებლივ აღსასრულებელ გადაწყვეტილებებს მიეკუთვნება გადაწყვეტილებები:
ა) ალიმენტის მიკუთვნების შესახებ;
ბ) დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრების შესახებ;
გ) მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ;
დ) უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ;
წინადადების ნებაყოფლობით შესრულებისათვის დადგენილი ვადა აითვლება მას შემდეგ რაც იგი მოვალეს ჩაბარდება. აღმასრულებელი წინადადებას აგზავნის მისთვის ცნობილ მისამართზე (რომელიც მითითებულია სააღსრულებო ფურცელში ან კრედიტორის განცხადებაში) . წინადადება ჩაბარებულად ჩაითვლება თუ იგი ჩაბარდა თავად მოვალეს ან ოჯახის რომელიმე სრულწლობან წევრს. თუ პირველ მცდელობაზე არ ჩაბარდება მოვალეს წინადადება აღმასრულებელი ხელახლა უგზავნის მას, ხოლო თუ ამჯერადაც არ ჩაბარდება, იგი აკეთებს საჯარო გამოქვეყნებას გაზეთის მეშვეობით, რის შემდგომაც წინადადება ავტომატურად ჩაითვლება ჩაბარებულად.
წინადადებაში გაწერილი აღმასრულებლის მოთხოვნები შესასრულებლად სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, მიუხედავად მათი დაქვემდებარებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა.