
აღმასრულებელი, მას შემდეგ რაც მას დაეწერება კონკრეტული საქმე, მოვალისათვის წინადადების გაგზავნის პარალელურად იწყებს მოვალის ქონების მოძიებას, რათა ამ ქონებაზე მიაქციოს აღსრულება და დააკმაყოფილოს კრედიტორის მოთხოვნა.
აღმასრულებელი იძიებს მოვალის შემდეგ ქონებას:
მოვალის ქონების მოძიების მიზნით აღმასრულებელი მიმართავს: საგადასახადო ინსპექციას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საჯარო რეესტრს და ბანკებს, რათა მათ მიაწოდონ სრული ინფორმაცია მოვალის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. კერძოდ: ირიცხება თუ არა მის სახელზე უძრავ-მოძრავი ქონება, აქვს თუ არა მას საბანკო ანგარიშები, ფლობს თუ არა წილს რომელიმე საწარმოში, გააჩნია თუ არა რაიმე სახის მოთხოვნები მესამე პირების მიმართ, დარეგისტრირებულია თუ არა როგორც მეწარმე-სუბიექტი და დატვირთულია თუ არა მისი ქონება გარდამავალი უფლებით (მათ შორის საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლებით). აღნიშნული მიმართვა სავალდებულოა შესასრულებლად.
მოვალის ქონების მოძიებასთან ერთად აღმასრულებელი მიმართავს ზემოთხსენებულ ორგანოებს მოძიებულ ქონებაზე ყადაღის რეგისტრაციის შესახებ. დაყადაღებულ ქონებაზე აღმასრულებელი მიაქცევს აღსრულებას, რათა ამოიღოს კრედიტორის კუთვნილი მოთხვნა და სააღსრულებო მომსახურების საფასური.
ქონების მოძიების მიზნით, აღმასრულებელს შეუძლია იხელმძღვანელოს კრედიტორის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, თუ ეს უკანასკნელი ფლობს რაიმე სახის ინფორმაციას მოვალის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ.
ასევე, აღმასრულებელს შეუძლია დაავალდებულოს მოვალე მიმართვიდან 5 დღის ვადაში წარმოადგინოს თავისი ქონებრივი ნუსხა. მოვალე იძლევა წერილობით გარანტიას, რომ მის მიერ წარმოდგენილი ნუსხა სწორია. აღმასრულებელი ამოწმებს ამ ნუსხის სისწორეს და იმ შემთხვევაში თუ აღმოჩნდება,რომ იგი არასწორია, მოვალეს დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ანალოგიური შედეგი დადგება მაშინაც თუ მოვალე არ წარადგენს თავისი ქონების ნუსხას ან უარს იტყვის გარანტიის მიცემაზე.