
17 ოქტომბერს, სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" პროგრამის "დაძმობილების პროექტი სააღსრულებო სისტემის გაუმჯობესებისთვის" (BESTT) საჯარო პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე ნიკა მელია, ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილე - შტეფან შტორკი, ნიდერლანდების სამეფოს საპატიო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, შვედეთის აღსრულების ბიუროს დირექტორი სვენ კილგრენი, საერთაშორისო ექსპერტები.
პრეზენტაცია იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ გახსნა. მინისტრის მოადგილემ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა:
"სააღსრულებო სისტემის ეფექტურობის ზრდის თვალსაზრისით, საქართველოში უკანასკნელი პერიოდის მანძილზე უკვე გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები. "დაძმობილების პროექტი სააღსრულებო სისტემის გაუმჯობესებისთვის" ძალიან მნიშვნელოვანია, საკონსულტაციო და სამუშაო შეხვედრები, ტრეინინგები, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მოკლევადიანი მისიები, სასწავლო მივლინებები, რომელსაც ის ითვალისწინებს, აამაღლებს ქართველი აღმასრულებლების პროფესიონალიზმს და ხელს შეუწყობს ქართველი აღმასრულებლების საქმიანობის ჰარმონიზაციას ევროპულ სტანდარტებსა და მოთხოვნებთან".
"დაძმობილების პროექტი სააღსრულებო სისტემის გაუმჯობესებისთვის" დაფინანსებულია ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტის (ENPI) ფარგლებში და მას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობის გზით ახორციელებს. პროექტის მიზანია სამართლებრივი და ადმინისტრაციული სისტემის გაუმჯობესება, ადამიანური რესურსების განვითარება; ქვეყნის სააღსრულებო სისტემასა და აღსრულების ეროვნული ბიუროს შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება.
"დაძმობილების პროექტი სააღსრულებო სისტემის გაუმჯობესებისთვის" 2011 წლის 1 სექტემბერს დაიწყო და ის 18 თვეს გასტანს.
თანდართული დოკუმენტების სახით იხილეთ პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამომსვლელთა მოხსენებები: